„სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ 20-ზე მეტ სახელმწიფო პროგრამას. პროექტის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გაამარტივოს და გაზარდოს წვდომა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე მათთვის, ვისაც ბიზნესის დაწყება, ან არსებულის გაფართოება სურს.
სასურველ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საქართველოს 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში განთავსებულ 24 იუსტიციის სახლსა და 81 საზოგადოებრივ ცენტრს, ხოლო რიგ პროგრამებზე დამოუკიდებლად შეავსოს განაცხადი შესაბამისი სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე.
„სახელმწიფო - შენი პარტნიორი“- ის ელექტრონულ პლათფორმაზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია პროგრამებში ჩართვის პირობების, კრიტერიუმების, ბენეფიტებისა და გასავლელი ეტაპების შესახებ. დღეისათვის, ბიზნეს პროგრამების ერთიან პლატფორმაზე წარმოდგენილია სააგენტოების „აწარმოე საქართველოში“, „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა“ და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ პროგრამები. შესაბამისად, სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა აქვთ მიკრო და საშუალო ზომის საწარმოებს, ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს, ტურიზმის სფეროში მოქმედ სუბიექტებს, ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და სხვებს.