მოკლე აღწერა:
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო 2022 წლის 4 აპრილს 12 საათზე.
პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები :
ვებგვერდზე რეგისტრაცია
- პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი (კოოპერატივი) უნდა შევიდეს ვებგვერდზე www.rda.gov.ge ან www.cooperatives.rda.gov.ge, გაეცნოს პროგრამის პირობებს, ჩამოტვირთოს განაცხადის ფორმა და რეგისტრაციის გასავლელად გადავიდეს „ავტორიზაცია/რეგისტრაციის“ გვერდზე;
- რეგისტრაციის გვერდზე ველებში შეიყვანოს კოოპერატივისა და მისი წარმომადგენლის შესახებ მოთხოვნილი სავალდებულო ინფორმაცია;
- პირველადი სარეგისტრაციო მონაცემების შევსების და რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდგომ კოოპერატივის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ გაეცნო და აცხადებს თანხმობას ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პროგრამის პირობებზე და აჭერს ღილაკს „თანხმობა“;
- რეგისტრაციის მოთხოვნა ავტომატურად იგზავნება სისტემაში და პოტენციური ბენეფიციარი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს მომხმარებლის სახელს და პაროლს, რომელსაც გამოიყენებს ვებგვერდზე საკუთარ პანელზე შესვლისთვის;
- აღნიშნულ სისტემაში უკვე რეგისტრირებული კოოპერატივები შეძლებენ საიტზე განაცხადის გაკეთებას ხელახალი რეგისტრაციის გარეშე. პაროლის აღდგენისთვის კოოპერატივი უნდა დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 1501.
განაცხადის შევსება
განაცხადის შესავსებად კოოპერატივის წარმომადგენელი/უფლებამოსილი პირი :
- შედის ვებგვერდის მართვის საკუთარ პანელში მომხმარებლის სახელით და პაროლით, რომელიც მიიღო რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
- პროგრამების ჩამონათვალიდან ირჩევს “მეფუტკრეობის პროგრამას“ და განაცხადის შესავსებად აჭერს ღილაკს „დამატება“;
- ტვირთავს შევსებულ განაცხადის ფორმას და ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ვერსიას;
- განაცხადის გაგზავნაზე დაჭერით ეცნობა საინფორმაციო ფანჯარაში გამოტანილ ტექსტს და ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ თუ პროგრამის განმახორციელებელი ნებისმიერი მხარისთვის გახდება ცნობილი ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, ეს შესაძლოა გახდეს თანადაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და მიღებული თანადაფინანსების უკან გამოთხოვის საფუძველი;
- გაგზავნილი განაცხადის კორექტირება დაუშვებელია;
- იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - უარყოფილი;
- იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სრულყოფილია, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - დადასტურებული.
- განაცხადის განხილვის დასრულების შესახებ ინფორმაციას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.